ტროტუარზე პროტესტისთვის ანი ახმეტელი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო ანი ახმეტელი სამართალდამრღვევად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო შსს-ში სამართალწარმოების დაწყების შესახებ ანი ახმეტელმა 23 დეკემბერს შეიტყო. საქმეში დევს პოლიციის მაიორის, გიგა ბატკუაშვილის შედგენილი ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ახმეტელს ედავებიან 17 დეკემბერს „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.